
1,000 საქმე
გათბობის სისტემები
წინასწარ უნდა განისაზღვროს თბოგენერატორის (საქვაბის) ადგილი და წვის პროდუქტების (გამონაბოლქვის) საკვამლე მილის კონსტრუქცია.
რატომღაც არქიტექტორები საკვამლე მილს გეგმავენ შიდა, 40 სმ სისქის კედლებში. ამ პირობებში თანამედროვე საქვაბის საკვამლე მილის გაკეთება შეუძლებელია.
თანამედროვე თბოგენერატორის (ქვაბი) მარგი ქმდების კოეფიციენტი 90%-ზე მეტია და შესაბამისად დაბალია გამონაბოლქვი გაზების ტემპერატურა.
წვის პროცესში წარმოიქმნება ნახშირორჟანგი (CO2) და წყალი (H2O) - ორთქლის სახით. 55 C ტემპერატურის ორთქლი თბოგენერატორის გამოსასვლელიდან 4-5 მ სიმაღლეზე კონდენცირდება წყლის წვეთებად - ამ დონემდე ეცემა გამონაბოლქვი გაზების ტემპერატურა. ამიტომ 4 მ-ზე ზემოდ საკვამლე მილი აგურით არ არის მიზანშეწონილი - თბოგენერატორი ბუხარი არ არის, რომ პრობლემა გადაწყდეს ცეცხლგამძლე აგურით, აქ საჭიროა ჰერმეტული საკვამლე.
ნებისმიერი საწვავი შეიცავს მინარევებს, მათ შორის გოგირდსაც, რომელიც წარმოქმნის ანჰიდრიდს, ხოლო ეს უკანასკნელი წყალთან წარმოქმნის მჟავას. საწვავი, მინარევების სახით, შეიცავს უამრავ ნივთიერებას – მენდელეევის ცხრილის ნახევარს მაინც, იოლი წარმოსადგენია – კვამლსადენში მჟავების ნარევი იმდენად აგრესიულია, რომ მოკლე ხანში დაიშლება აგურის წყობა.
დასკვნა: კვამლსადენის გაკეთება აგურით არ არის რეკომინდირებული, და თუ მაინცა და მაინც აუცილებელია კვამლსადენი კედელში, მაშინ მისი კვეთა მინიმუმ 250 მმ X 250 მმ უნდა იყოს, ამ სივრცეში შესაძლებელია უჟანგავი მილის საკვამურის მოთავსება.
რჩევა #1 – საკვამლე მილის პრობლემა გადაწყვიტეთ პრობლემის წარმოქმნამდე. თუმცა შეგიძლიათ ეს არც გააკეთოთ, თუ არ გაინტერესებთ რეზულტატი.
პროფესიონალები გათბობის სისტემას განიხილავენ ორ ნაწილად:
1. გაყვანილობის სისტემა (მილები და რადიატორები) და
2. თბოგენერატორი (ქვაბი).
ხშირად, ერთი ბრიგადა ასრულებს მილგაყვანილობას და ამონტაჟებს მილებს, ხოლო მეორე – საქვაბეს. საბოლოო ჯამში არავინ აგებს პასუხს.
პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ როგორი იქნება თბოგენერატორის ცირკულაციის პრინციპი: გრავიტაციული (ბუნებრივი), თუ ფორსირებული.
1. გრავიტაციული (ბუნებრივი) ცირკულაციის ძირითადი უპირატესობებაა მოქმედება ტუმბოს (და შესაბამისად – ელექტრო ენერგიის) გარეშე. ხოლო უარყოფითი მხარეა მნიშვნელოვანი შეზღუდვა საკვამლე მილის გეომეტრიაში (დიდი დიამეტრები, კუთხეების მკაცრი დაცვა, სირთულეები რეგულირებაში, ზედა სართულების რაოდენობის შეზღუდვა და მრავალი თანამედროვე მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენების შესზღუდვა).
2. ფორსირებული ცირკულაციისას ყველაფერი პირიქითაა, თუმცა ძალზე უარყოფითი მომენტია დამოკიდებულება ელექტრო ენერგიაზე.
P.S. ჩვენი ჯგუფი (ინჟინერ ფიზიკოსთა ოფისი) ფორსირებული ცირკულაციის მომხრეა და მიგვაჩნია, რომ გრავიტაციული (ბუნებრივი) ცირკულაცია ახლო მომავალში საერთოდ ამოღებული იქნება მოხმარებიდან, თუმცა არჩევანი რა თქმა უნდა თქვენზეა. ცირკულაციის ტიპზეა დამოკიდებული თქვენს გათბობის სისტემაში გამოყენებული ტექნიკის ნომენკლატურა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფორსირებული ცირკულაციის თბოგენერატორს შეუძლია მუშაობა გრავიტაციული (ბუნებრივი) ცირკულაციის პირობებშიაც, რასაც ვერ ვიტყვით გრავიტაციული (ბუნებრივი) ცირკულაციის თბოგენერატორზე.
